ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობას აგრძელებენ. ახრისის, ხელთუბნის, დიდი და პატარა გარეჯვრის, ქვეშისა და არცევის მაცხოვრებლებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, პარლამენტის წევრი თემურ ხუბულური და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები გაესაუბრნენ. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განხილული ერთ-ერთი ძირითადი თემა მიწის გამარტივებული რეგისტრაცია გახლდათ. საუბარი ასევე, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტებსაც შეეხო. მათთვის პრიორიტეტულ სხვა საკითხებსა და საჭიროებებზე ყურადღება გაამახვილეს შეხვედრაზე მისულმა მოქალაქეებმაც.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები რამდენიმე თვეა იმართება. მიზანს კი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მოსახლეობისთვის გაცნობასთან ერთად, არსებულ პრობლემებზე ინფორმაციის მიღება წარმოადგენს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსგავსი სახის შეხვედრები საჭირო და აუცილებელია, რათა სამომავლო პროექტები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით დაიგეგმოს.