გორში, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა 20 მაისიდან ფასიანი ხდება. ტარიფი უკვე დადგენილია და საკრებულოს გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე ყველა მგზავრისთვის 50 თეთრით განისაზღვრა.
შეღავათი, რომელსაც გორის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს უწესებს ასეთია - პირველი მგზავრობის საფასურის გადახდის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში განხორციელებული შემდგომი მგზავრობები უფასოა.
„კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გარკვეულ ეტაპზე გაუქმებული იყო ავტობუსებით მგზავრობის ტარიფი. დღეის მდგომარეობით ქალაქ გორის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება არის უფასო, შესაბამისად, ბიუჯეტი გარგავს შემოსავალს, რომელსაც მიიღებდა ტარიფის დაწესების შემთხვევაში.
დღეის მდგომარეობით კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილია, შესაბამისად, მიზანშეწონილია ხელახლა დაწესდეს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი, რა დროსაც, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იქნება, რომ მგზავრის მიერ პირველი მგზავრობის საფასურის გადახდის შემდეგი ერთი საათის განმავლობაში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა უფასო იყოს“, - ვკითხულობთ საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების განმარტებით ბარათში.
კითხვაზე, მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის იმოქმედებს თუ არა შემდგომში მგზავრობის ტარიფზე შეღავათები, GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, რომ აღნიშნული საკითხი განიხილება.