საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის შესაძლო შემსუბუქებაზე საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას და დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს მოისმენენ.
„მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა ეფექტურად მართავს ვითარებას. მოგეხსენებათ, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში ტურისტების ნაკადიც იზრდება. მნიშვნელოვანია, მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას საქართველოში. ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ გადაადგილების შეზღუდვა არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.