საზოგადოება
17.05.2021 11:05
საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლებს კიდევ 200 დევნილ ოჯახს აუშენებენ

დევნილ ოჯახებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ მიწის ნაკვეთები, თუმცა დღემდე არ დაკმაყოფილებულან საცხოვრებელი ფართით, აღნიშნულ ნაკვეთებში სახლებს აუშენებენ.

როგორც GMnews-სთვის ცნობილია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელმა ნინო ხოხობაიამ 40-მდე ოჯახთან სამმხრივი ხელშეკრულებები უკვე გააფორმეს და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ჯამში, 200-ზე მეტი სახლის აშენებას ითვალისწინებს. პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს და მასში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება 31 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

 

 

 

კვირის ამბები