საზოგადოება
14.05.2021 13:25
მასშტაბური პროექტი „განახლებული რეგიონები“ - პრემიერ-მინისტრის ინიციატივის განხორციელება შიდა ქართლში დღეიდან იწყება
გორში სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში მამუკა საღარეიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ურბანული პროექტების განახლებას, მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაციას, სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მსგავსი პროექტების განხორციელებას უკავშირდება.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, პროგრამის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნება ყველა ასაკის მოქალაქის ინტერესი.
„წარმატებული იყო კომისია, რომელზეც უკვე გავეცანით შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტს, სხდომაზე წარმოადგინეს შესაბამისი ინიციატივები. სახელმწიფო პროგრამა - „განახლებული რეგიონები“ მიზნად ისახავს სამოცდასამივე მუნიციპალიტეტში ურბანული პროექტების განახლებას და უკავშირდება მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლების რეაბილიტაციას, საჭიროების შემთხვევაში - რესტავრაციას. ეს მოიცავს ახალი საპარკო, სარეკრეაციო სივრცეების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, იერსახეების გაუმჯობესებას. ეს არის შესაძლებლობების გაჩენა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის და ვიზიტორებისთვის. ეს არის ყოველდღიურობის კიდევ უფრო საინტერესოდ გადაქცევა. პროგრამის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნება ყველა ასაკის მოქალაქის ინტერესი.
ახალი ფუნქციების მინიჭებით განახლდება სოციალურ-ეკონომიკური გარემო მუნიციპალიტეტებში და მიღწეული იქნება ამ ახალი შესაძლებლობების მაქსიმალური ინკლუზიურობა. მთლიანობაში კი, საინტერესო წრედი შეიკვრება“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 აპრილს განაცხადა. „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
კვირის ამბები