საზოგადოება
14.05.2021 13:16
არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მერიაში 40 კაცს აქვს წასვლაზე განცხადება დაწერილი, არის ტყუილი - კონსტანტინე თავზარაშვილი

თანამშრომლებს, რომლებიც არიან კონკურსის წესით დანიშნულები, იცავს კანონი, შესაბამისად, მე მათ ვერ გავათავისუფლებ, თუმცა, შეიძლება, ისინი წავიდნენ საკუთარი განცხადებებით, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა მედიის მიერ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ ნახსენები „გასათავისუფლებელთა 40 კაციანი სიის შესახებ“ არაფერი იცის.

„ინფორმაცია, თითქოს, მერიაში 40 კაცს აქვს წასვლაზე განცხადება დაწერილი, არის ტყუილი, ვინ გითხრათ, რომ 40 კაცს აქვს დაწერილი განცხადება, არასწორი ინფორმაცია გაქვთ. რაც შეეხება ბოლო დღეებში საკუთარი განცხადების საფუძველზე წასულ ორ თანამშრომელს, ლალებაშვილს და პაპიტაშვილს, გეტყვით, რომ ლალებაშვილმა სამჯერ მომმართა უკვე, მაგრამ არ ვუშვებდი, იმიტომ რომ საჭირო იყო ის პიროვნება, იმიტომ რომ ბევრი პროექტების განხორციელება ხდებოდა, მაგრამ მან განაცხადა, რომ მიდის კერძო სექტორში და ამის გამო დაწერა განცხადება. რაც შეეხება პაპიტაშვილს, როგორც თქვენ ამბობთ, რომ თითქოს, განცხადების დაწერის იძულებაში მე მადანაშაულებს, კი, შეიძლება მე დამადანაშაულოს, მაგრამ ისევ ვიმეორებ, მას იცავდა კანონი, თუ განცხადების დაწერა არ უნდოდა, შეეძლო, რომ არ დაეწერა და არ წასულიყო“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა მედიის მიერ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად.

კვირის ამბები