გორში მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან ამუშავდა და მგზავრები დღემდე ავტობუსებით უფასოდ გადაადგილდებიან.
როდიდან მოუწევთ მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გადახდა და რა ეღირება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, - აღნიშნულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ განჯელაშვილი აცხადებს, რომ მგზავრობის ტარიფი - 50 თ. უკვე დადგენილია და გადახდის აპარატების მონტაჟის დასრულების შემდეგ გადახდის სისტემა ამოქმედდება.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ზურაბ ჯირკველიშვილის ინფორმაციით, ავტობუსებში უკვე დასრულდა გადახდის აპარატების მონტაჟი.
,,მოგეხსენებთ, მუნიციპალური ტრანსპორტი გორში დღემდე უფასოდ ემსახურება მგზავრებს. ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე, უკვე დასრულდა ავტობუსებში გადახდის აპარატების მონტაჟი, რამდენიმე დღეში დაიწყება გადახდის ელექტრონული ბარათების დამზადებაც, მგზავრებს წინასწარ მიეწოდებათ ინფორმაცია მგზავრობის ტარიფთან და გადახდის ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტარიფს, ტარიფი უკვე დადგენილია, განსაზღვრულია 50 თეთრით, თუმცა, ეს ტარიფი შეჩერებულია და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე თვეში ხელახლა უნდა დაამტკიცოს. მას შემდეგ, რაც საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში შევა, გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდება, ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება დაახლოებით 25 მაისამდე", - განაცხადა GMnews-თან ზურაბ ჯირკველიშვილმა.