უქმე დღეებთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული ყველა დამატებითი რეგულაცია დღეიდან მოიხსნა, ეს ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სკოლებს, სააღმზრდელო დაწესებულებებს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ღიბრაძის თქმით, სხვა არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება და სიტუაციის ანალიზი პერმანენტულ რეჟიმში ხდება.
„ეს საკითხი, ცხადია, ყველას გვაწუხებს, როგორც მოსახლეობას, ისე იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. სიტუაციის ანალიზი პერმანენტულ რეჟიმში ხდება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე ხდება ერთიანი ინფორმაციის გაანალიზება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია, მოხდება რეგულაციების შემსუბუქება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ციფრებზე. იქ უამრავი სხვა კომპონენტია, რომლის გათვალისწინებაც ხდება გადაწყვეტილების მიღების დროს. როგორც კი კომპონენტების ერთობლიობა მოგვცემს საშუალებას, ცხადია, მოხდება რეგულაციების შემსუბუქება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.