საზოგადოება
13.05.2021 09:53
გორის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა - ნანა ტერმაკოზაშვილი

დღეიდან, სასწავლო პროცესი კლასებში განახლდა ყველა სკოლაში, - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა. ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, თუ კლასს ინდივიდუალურად სურს სწავლების დისტანციური მოდელით სარგებლობა, ამის შესახებ მოსწავლეებმა და მშობლებმა ოფიციალურად უნდა განაცხადონ.

,,გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 საჯარო და 6 კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. არდადეგების მიუხედავად, სკოლის პერსონალის გეგმური ტესტირება კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობდა, რის საფუძველზეც გამოვლინდა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო და აღნიშნულ პირებს შეხება არ ჰქონდათ მოსწავლეებთან და კოლეგებთან, რომელიმე სკოლის დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა, აღნიშნული პირები იმყოფებიან იზოლაციაში და უტარდებათ მკურნალობა. რაც შეეხება მოსწავლეებს, კოვიდინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ ქიწნისში. როგორც აღმოჩნდა, მეთორმეტეკლასელს, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, დაბადების დღე ჰქონდა და მას თანაკლასელები სტუმრობდნენ, შესაბამისად, აღნიშნული კლასი ინდივიდუალურად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე", - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, სკოლებში პირბადის ტარებაზე დადგენილი რეგულაცია კვლავ ძალაში რჩება.

კვირის ამბები