საზოგადოება
13.05.2021 08:56
დღეს, 9:00 საათზე, პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი იწყება

პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი, რომელიც 13 მაისს იწყება,

5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.

განათლების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის ბოლო, IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

 (საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია:

https://www.mes.gov.ge/mesgifs/1620655659_3543.pdf )

კვირის ამბები