საზოგადოება
12.05.2021 23:23
აცრის მსურველთა მაღალი აქტივობის გამო, ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე შეფერხებაა

დღეიდან, 12 მაისიდან, ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე 25 მაისიდან დასაჯავშნ თარიღებზე წვდომაც დაეშვა, თუმცა, საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული აქტივობის ფონზე, პორტალზე შეფერხებაა და ამ ეტაპზე ვიზიტის დაჯავშნა ვერ ხერხდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეფერხება უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თანამოქალაქეებს კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრებისადმი გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო.

აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.

ბოდიშს გიხდით წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებისთვის!“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ 24 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით ყველა კლინიკაში ყველა ვიზიტი დაჯავშნილია, დღეიდან კი შესაძლებელი გახდა, რომ იმ პირებმა, ვინც ვაქცინაციის პირველი დოზა უკვე მიიღო, ,,სინოფარმით" მეორე აცრაზე დაჯავშნონ ვიზიტი, აღნიშნულის გარდა, დღეიდან ,,ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის მსურველთა ასაკობრივმა ზღვარმაც დაიწია და 45 წლიდანაა შესაძლებელი.

კვირის ამბები