საზოგადოება
12.05.2021 15:42
ხვალ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

13 მაისს, დილის 9 საათზე, პირველკლასელთა მესამე ეტაპის რეგისტრაცია იწყება, რომელიც ელექტრონულ ფორმატში წარიმართება.

განათლების სამინისტროის ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 13 მაისს – 09:00 საათზე დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე http://registration.emis.ge/.

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ 2021-2022 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

GMnews გაგაცნობს მოსწავლის რეგისტრაციის ინსტრუქციას - მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გადასვლის შემდეგ, აირჩიეთ: რეგისტრაცია. შემდეგ ავსებთ მოსწავლის მონაცემებს: პირადი ნომერი, სახელი, გვარი. მომდევნო ეტაპზე შეგყავთ მშობლის (ერთ-ერთის) მონაცემები: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა. ცნობისთვის, ელექტრონული ფოსტის გარდა ყველა ველის შევსება სავალდებულოა. მომდევნო ეტაპზე კი ირჩევთ სასურველ სკოლას, ამისთვის შესაბამის ველებში უნდა შეავსოთ მონაცემები სასურველი რეგიონის, რაიონის, სკოლის, სექტორის (ქართული, რუსული...), სასურველი ცვლის და მისამართის შესახებ.

რეგისტრაციის დასრულებამდე, ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს. ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე - ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს!!!

კვირის ამბები