გორის მუნიციპალიტეტის მერიის კიდევ ორმა თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა. გათავისუფლების თაობაზე განცხადებები ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა მალხაზ ლალებაშვილმა და ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა გია პაპიტაშვილმა დაწერეს. გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ორივე მათგანის განცხადება დაკმაყოფილდა.
პაპიტაშვილის თქმით, განცხადების დაწერამდე მას გორის მერი ესაუბრა, რის შემდეგაც სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, მალხაზ ლალებაშვილი აცხადებს, რომ დეტალებზე საუბარი არ სურს, მუშაობის გაგრძელებას კი კერძო სექტორში გეგმავს.
შეგახსენებთ, გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძაბის საფუძველზე, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ გორის მერის მოადგილეები - ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი, ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან. ელიჯარაშვილის და ივანიშვილის პოსტებიდან გათავისუფლების მოტივად გორის მერმა ის ფაქტი დაასახელა, რომ მოადგილეები მუნიციპალიტეტში არსებულ უამრავ გამოწვევაზე ზრუნვის ნაცვლად, სამსახურში გახარიას გუნდის აგიტაციას ეწეოდნენ.