გორის მუნიციპალიტეტის მერმა ორი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტზე განცხადება გააკეთა. კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ერასტი ელიჯარაშვილს და პაატა ივანიშვილს თანამდებობები საკუთარი განცხადებების საფუძველზე არ დაუტოვიათ და ორივე მათგანი მერმა შესაბამისი ბრძანებებით მოხსნა.
,,მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება თავად მივიღე, ჩემი ბრძანებით გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან, დღეს განთავისუფლებული ადამიანები, ბოლო პერიოდში ეწეოდნენ გარკვეული პირების აგიტაციას და მოუწოდებდნენ თანამშრომლებს რომ გადასულიყვნენ მათ მხარეზე, იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში ამდენი გამოწვევები გვაქვს და მათ თავიაანთი საქმე ეკეთებინათ, ისინი ამ საქმით იყვნენ დაკავებულები. ვიცით, რომ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს და ვერ დავუშვებდით რომ ასეთი ადამიანები იყვნენ ჩვენ გვერდით მაღალ თანამდებობებზე. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება მათ განცხადებას სიის შესახებ, რომლითაც თითქოს, იგეგმება მერიის გარკვეული თანამშრომლების გათავისუფლება, არავითარი სიები არ არსებობს", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.
კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებითვე, ელიჯარაშვილი და ივანიშვილი სამსახურში გიორგი გახარიას და მისი გუნდის აგიტაციას ეწეოდნენ.
შეგახსენებთ, დღეს დილით, გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ ზეწოლასა თანამდებობების დატოვებაზე განცხადება გააკეთა.