კულტურა
11.11.2019 17:35
გორში პირველ ვარსკვლავს სავარაუდოდ ლევან ოზგებაშვილს გაუხსნიან

წლის ბოლომდე, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის წინ, ღვაწლმოსილი გორელის სახელობის ვარსკვლავი უნდა გაიხსნას. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში კვლავ არ აკონკრეტებენ, ვისი სახელობის იქნება გორის პირველი ვარსკვლავი, თუმცა, GMnews-ისთვის ცნობილი გახდა, რომ პირველ ვარსკვლავს, სავარაუდოდ, ცნობილ გორელ მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, 80 წლის ლევან ოზგებაშვილს გაუხსნიან.

ლევან ოზგებაშვილს წელს სცენაზე მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა. 2017 წელს მას გორის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

რაც შეეხება გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეაქტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით ჩხარტიშვილი GMnews-ის ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა, თვლის, რომ ლევან ოზგებაშვილი ვარსკვლავის გახსნას ნამდვილად იმსახურებს.

,,ვიდრე ოფიციალურად არ გახდება ცნობილი ამ საკითხზე გადაწყვეტილება, ვერაფერს გეტყვით, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას, შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ლევან ოზგებაშვილს ნამდვილად ეკუთვნის ვარსკვლავის გახსნა იმ ღვაწლისთვის, რას მას აქვს გაწეული ამ ქალაქის მიმართ, ამ თეატრის მიმართ, იმ სიყვარულისთვის, რაც გორს გააჩნია ოზგებაშვილის მიმართ და გეტყვით იმასაც, რომ ამგვარი თეატრალი ადამიანები იშვიათად იბადებიან. გილოცავთ, რომ ასეთი ადამიანი ამ ქალაქში ცხოვრობს და ამ თეატრშია“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა.

მას შემდეგ, რაც მერიის საბოლოო გადაწყვეტილება ოფიციალურად გახდება ცნობილი, საქართველოს კულტურის პალატა ვარსკვლავის გახსნის ცერემონიის და შესაბამისი ღონისძიების სრულ საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფას მოახდენს.

კვირის ამბები