რა ტიპის მექანიზმებს შეიმუშავებს მთავრობა ვაქცინაციის წასახალისებლად, ხვალ გახდება ცნობილი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე, კოვიდსა და მასთან ბრძოლის მეთოდების პარალელურად, ვაქცინაციის წახალისებაზე იმსჯელებენ.
სხვადასხვა ქვეყანამ ვაქცინაციის წასახალისებლად არაერთი მეთოდი გამოიყენა - „უსაფრთხო რესტორნის“, „უსაფრთხო ღამის კლუბის“, „უსაფრთხო სასტუმროს“ სტატუსები, ასევე, აცრების ტემპეტის დაჩქარების მიზნით, უკვე აპრობირებულია ვაქცინაციის ფულადი წახალისებაც.
როგორც მთავრობაში მიიჩნევენ, ინფიცირების მასშტაბების ზრდის პრევენციის გარდა, ვაქცინაციის წახალისება და უსაფრთხო ზონების შემოღება წაადგება ბიზნესს და ვაქცინაციის მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გააჩენს.
შეგახსენებთ, ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. შემდგომ კი ,,სინოფარმით" ვაქცინაციას დაექვემდებარნენ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია სულ 62 447 ადამიანს აქვს ჩატარებული. ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელია 1 089 პირი. სპეციალურ პორტალზე 25 მაისამდე პერიოდში, ,,სინოფარმით" ვაქცინაციაზე შიდა ქართლის ყველა კლინიკაში ყველა ადგილი დაჯავშნილია.