უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში სერიოზული პრობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და ატენის თემში შემავალი სოფლების დამაკავშირებელი გზა რამდენიმე ადგილზე ჩახერგა.
ატენში დილიდან იმყოფებიან ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.
,,უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა ატენის თემში. მთიდან ჩამოსული ქვა-ღორღითა ჩაიხერგა საავტომობილო გზა და პარალიზებული იყო მოძრაობა. შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა საჭირო ტექნიკის მობილიზება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სამუშაოები და სულ ცოტა ხნის წინ გზის გახსნაც მოხერხდა, თუმცა, კვლავ გრძელდება დამატებითი სამუშაოები უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.