საზოგადოება
07.05.2021 15:07
ეპიდვითარება არის რთული და საყურადღებო, მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შეძლებს - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შეძლებს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ დროისთვის, აცრილია 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ორმაგი ვაქცინაცია კი, უკვე 9 ათას მოქალაქეზე მეტს ჩაუტარდა და მალე ეს პროცესი აკრიფავს იმ საჭირო სიჩქარეს, როცა სახელმწიფო მასობრივ ადგილებში შეძლებს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას, როგორც ეს დასავლეთისა და ევროპის ქვეყნებშია.
რაც შეეხება ლოკაციებს, სადაც ზემოხსენებული იმუნიზაციის ცენტრები განთავსდება,
არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა შესაბამისი სივრცეები და დაიწყება ვაქცინაცია.
„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ აღიარებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ „სინოფარმი“ არის მეტად უფრო დაწინაურებული ვაქცინა, თუმცა, ამ ეტაპისთვის განხილვის საგნად დგას ორივე ვაქცინის ავტორიზაცია და, რა თქმა უნდა, ეს მედიისთვისაც გახდება ცნობილი. რაც შეეხება ეპიდვითარებას, ის არის რთული და საყურადღებო. ტარდება ყველა ღონისძიება, რომელიც დაგვეხმრება ეპიდვითარების სწორ მართვაში, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა როგორც ვაქცინაციის პროცესში, ასევე პირბადის მოხმარების კუთხით. მზაობა სექტორში არის მაქსიმალური, ეტაპობრივად ვახდენთ მობილიზებას იმ საწოლფონდის, რისი რესურსიც სისტემას გააჩნია. ასევე, მობილიზებულები არიან ექიმებიც და ის სასტუმრო-კლინიკებიც, რომელთაც კარგი პრაქტიკა აქვთ. აქტიურად მუშაობს ონლაინ-კლინიკა, რომელიც ბინაზე მართავს პაციენტებს. მნიშვნელოვანია აღინიშოს, რომ ამ კვირის განმავლობაში ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ დღიური ვაქცინაციის მაჩვენებლის იმ ნიშნულს, რომელიც კალენდრითაც იყო განსაზღვრული - 3000 ვაქცინირებულს დღეში, გუშინ და გუშინ წინ გვყავდა 3000-ზე მეტი პაციენტი, რომელთაც ვაქცინაცია წარმატებით ჩაიტარეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კვირის ამბები