კულტურა
11.11.2019 16:16
ქსნის ხეობისადმი მიძღვნილი ლექსების ციკლისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, დავით ახლოურს გიორგი ლეონიძის პრემია გადაეცა

შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეს კიდევ ერთი პრემია მიენიჭა.

დავით ახლოურს, ქსნის ხეობისადმი მიძღვნილი ლექსების ციკლისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, გიორგი ლეონიძის პრემია გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნუგზარ ფსუტურის სახელობის ახალგორის კულტურის ცენტრში გაიმართა (ამჟამად წეროვანის დევნილთა დასახლების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს). ღვაწლმოსილი ქსნის ხეობელების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებას საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

„ნიშანდობლივია, რომ ჩემი სათაყვანო პოეტის სახელობის პრემია წეროვანში, ქსნის ხეობელებთან შეხვედრის დროს, სწორედ იმ დღეს გადმომეცა, როცა ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებასთან ერთად გადავწყვიტეთ შეგვექმნა ქსნის ხეობის ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი.

სტუდენტობიდან მოყოლებული, იქაური ტერიტორიების ისტორიის კვლევით ვარ დაინტერესებული. დღეს უფრო მეტად ჭირდება ოკუპირებულ მიწა-წყალს ჭირისუფლობა, ამიტომაც, მზად ვარ, სიცოცხლის ბოლომდე ვემსახურო ჩემს ხალხს. როდის იყავი ბოლოს ახალგორშიო - ხშირად მეკითხებიან. განა როდესმე წამოვსულვარ იქიდან? არა, არასოდეს. ამ საღამოსაც დავბრუნდები ქსნის ხეობაში. ჩემს დედულეთს მოვინახულებ. როგორც ყოველთვის, პირველი დედა დამხვდება. ეს არ იქნება ერთი რიგითი სიზმარი, ეს დაუსრულებლად გაგრძელდება ჩემი ამქვეყნიური ცხოვრების კვალდაკვალ. სადაც მე ვარ, იქ არის ჩემი ქსნის ხეობა, სადაც ახალგორელები მეგულებიან, ის არის ჩემი ახალგორი,“ - აღნიშნაGMnews-თან საუბრისას დავით ახლოურმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამავე ღონისძიებაზე, პრეზიდენტმა ნაირა მარშანიამ დავით ახლოურს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის დიპლომი და წევრობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა.

კვირის ამბები