გორში ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგისა და ოსტატის, ერმინე მაღრაძის მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა
ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლამ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სარესტავრაციო - საკონსერვაციო ინსტიტუტის მეცნიერის, ერმინე მაღრაძის წიგნის - „ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით“ - პრეზენტაციას უმასპინძლა.
მონოგრაფიაში წარმოდგენილია ოქროს საფუძველზე შესრულებული შუა საუკუნეების ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიის კვლევის საკითხები.
როგორც დამსწრე საზოგადოებას განუმარტეს, ზემოხსენებული ტექნოლოგია, თავისი არსით, მკვეთრად განსხვავდება იმჟამინდელ მსოფლიოში გავრცელებული ფერადი დეკორატიული მინით ლითონის ნაკეთობების შემკობის სხვა ხერხებისა და მეთოდებისაგან. ნაშრომიც სწორედ ამ განმასხვავებელი ფაქტების, ტიხროვანი მინანქრისათვის საჭირო ფერადი დეკორატიული მინისა და ძვირფასი ლითონის – ოქროს მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევის შედეგებს აერთიანებს, რომლებიც თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით განხორციელდა.
მონოგრაფიაში ყურადღება ასევე გამახვილებულია საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი ფერადი დეკორატიული მინის არტეფაქტებისა და ჩვენს დრომდე მოსული მინანქროვანი ძეგლების კვლევის საკითხებზე.
წიგნის პრეზენტაციას გორის მუნიციპალიტეტის მერიც დაესწრო. კონსტანტინე თავზარაშვლმა მადლობა გადაუხადა ერმინე მაღრაძეს იმ გაწეული ღვაწლისთვის, რასაც ის ახალგაზრდებისთვის აკეთებს.
აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და დაფინანსებით, სამხატვრო სკოლასთან არსებულ შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნებისა და ტიხრული მინანქრის სკოლაში, ერმინე მაღრაძე მოზარდებს მინანქარზე მუშაობასა და ჭედურ ხელოვნებას ასწავლის.