სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს დროულად გამოიყენონ აგრობარათებზე დარიცხული ქულები. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული დახმარებებით სარგებლობის ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, დარიცხული ქულები გაუქმდება.
„შეგახსენებთ, აგროქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე myliberty.ge. სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 20 მაისს, ანტიკრიზული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს აგროქულები დაერიცხათ, რომელთა გამოყენებაც სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად იყო შესაძლებელი. აგროქულები 259,529 ფერმერმა მიიღო. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 33.3 მლნ ლარს აჭარბებს“, - ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრობარათების მისაღებად, ფერმერმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე - myliberty.ge უნდა გადაამოწოს. ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.