მოპედებით გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ. სავალდებულო გახდება, ასევე, მოპედების რეგისტრაციაც. შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ზემოხსენებული ტრანსპორტის კონტროლი ვერ ხერხდება ვიდეოკამერებით. შესაბამისად, მძღოლები თავისუფლად დადიან და ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.
„მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება დარეგისტრირება მოპედების და აქედან გამომდინარე, მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები. კანონპროექტი ორი მოსმენით გატანილია პარლამენტში და მალე დავარეგისტრირებთ“, - განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, შსს მოპედების რეგისტრაციას და მათი მართვის გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას 2019 წლიდან გეგმავს. უწყების ინიციატივა იყო, რომ აღერიცხა მოპედები და ისინი კატეგორიებად დაეყო. რეგულაციებს უნდა დაქვემდებარებოდა იმ მოპედების მართვა, რომლის სიმძლავრეც მოტოციკლს უტოლდება.
GMnews-ის ინფორმაციით, საქართველოში 2019 წელს 20 000-მდე მოპედი, სკუტერი და მსგავსი სატრანსპორტო საშუალება იყო, თუმცა, დღეის მონაცემებით, ეს რაოდენობა გასამმაგდა და მაჩვენებელი ყოველწლიურად მატულობს.