საზოგადოება
06.05.2021 10:10
საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 000 დოზა შემოვიდა
საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 ათასი დოზა შემოვიდა. GMnews-ის ინფორმაციით, სპეციალური ავიარეისი, რომლითაც ვაქცინა შემოიტანეს, დღეს დილით შესრულდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ახალი დოზები განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამავე ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. როგორც ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, აცრის მსურველთა რიცხვის გათვალისწინებით, „ასტრაზენეკას“ათვისების მხრივ პრობლემა არ შეიქმნება. შეგახსენებთ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით იმუნიზაციაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. ,,ასტრაზენეკას მე-2 დოზაზე რეგისტრაცია 5 მაისიდან დაიწყო. აცრის ჩატარება შესაძლებელი იქნება 10 მაისიდან. თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მე-2 დოზის მისაღებად პირველი აცრიდან 4 - 12 კვირის ინტერვალში. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ჩაიტარა ასტრაზენეკას ვაქცინით", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომლელიც ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზეა განთავსებული. რაც შეეხება გორს, ამ ეტაპზე, ,,ასტრაზენეკას" მეორე დოზით ვაქცინაცია შესაძლებელია გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სავარაუდოდ ხვალიდან, ,,ასტრაზენეკას" მეორე დოზით ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ,,გორმედშიც".
კვირის ამბები