დღეს, 6 მაისს, მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს - 6 მაისს, წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში გამორჩეულად უყვართ.
რაც შეეხება გორის მთავარ სალოცავს, გორიჯვრის ეკლესიისკენ ასასვლელი გზა საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაიკეტა და ადგილზე მდგომარეობას პოლიცია აკონტროლებს. მომლოცველები ეკლესიაში ასვლას ქვეითად, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული რეკომენდაციების დაცვით შეძლებენ.
„პირველ რიგში, ვულოცავ შიდა ქართლის მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინება მომლოცველებს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც მოუწევთ. შარშანდელის მსგავსად, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან მისვლა ავტომობილებით დაშვებული არ არის, მომლოცველები ქვეითად შეძლებენ გორიჯვარზე ასვლას, თუმცა, მკაცრად გაკონტროლდება დისტანციისა და პირბადის ტარებაზე არსებული რეგულაციის დაცვა. მოქმედი რეგულაციების აღსრულებას პოლიცია აკონტროლებს“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას შიდა ქართლის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა.
წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, წმინდა გიორგი მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა და წამება. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში თავი მოკვეთეს. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.