ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. მინისტრმა ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.
როგორც აცრის შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით ვიცავთ არამარტო საკუთარ თავს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვაქცინის დასახელებას და წარმოშობას იმ შემთხვევაში, როდესაც მილიონობით ადამიანია აცრილი კონკრეტული ვაქცინით. ვაქცინა არის კარგი! შესაბამისად, შეგვიძლია ვენდოთ ამ ვაქცინას და გავიკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინით ჩვენ ვიცავთ არამარტო საკუთარ თავს, არამედ ვიცავთ იმ რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავიცერი „სინოფარმის“ წარმოების ვაქცინით, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ვაქცინა არაერთ ქვეყანაში ფართოდ არის გამოყენებული. ასეთ დროს ყველა ვაქცინა მისაღებია და ყველა ვაქცინით შესაძლებელია იმ მიზნის მიღწევა, რაც არის დასახული, კონკრეტულად კი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა ხუციშვილმა.