ხვალ გიორგობაა. 6 მაისს, ტრადიციულად, გორელების უმრავლესობა გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოსალოცად მიდის. პანდემიის პირობებში შეძლებენ თუ არა მომლოცველები გორიჯვარზე ასვლას, ამ საკითხით GMnews დაინტერესდა.
შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, 6 მაისს გორიჯვრის ტაძარში ასვლა გარკვეული რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.
„6 მაისს გიორგობაა, პირველ რიგში, ვულოცავ შიდა ქართლის მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინება მომლოცველებს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალაც მოუწევთ. შარშანდელის მსგავსად, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან მისვლა ავტომობილებით დაშვებული არ იქნება, მომლოცველები ქვეითად შეძლებენ გორიჯვარზე ასვლას, თუმცა, მკაცრად გაკონტროლდება დისტანციისა და პირბადის ტარებაზე არსებული რეგულაციის დაცვა. მოქმედი რეგულაციების აღსრულებას პოლიცია გააკონტროლებს“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას შიდა ქართლის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა.