ვაქცინაციის მოწოდებასთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, კომუნიკაცია მიმდინარეობს „ჯონსონი&ჯონსონის“ ოფისთან, ასევე „ნოვოვაქსთანაც“ და შესაძლებელია, ეს ვაქცინა საქართველოში ივლისიდან შემოვიდეს.
„ჯონსონი&ჯონსონი“ ორი გზით შესაძლებელია საქართველოში შემოვიდეს, „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით, რომელიც გვპირდება, რომ მესამე კვარტლიდან შესაძლებელია მივიღოთ და ასევე, გვაქვს კომუნიკაცია „ჯონსონი&ჯონსონის“ ოფისთან ყაზახეთში. ისინი განიხილავენ ჩვენ ინტერესს და მოკლე ხანში დაგვიკავშირდებიან კონკრეტული წინადადებით.
„ნოვოვაქსთან“ მიმართებაში მომდევნო კვირაში არის ჩანიშნული ამერიკის სათაო ოფისთან ზარი, რომ შევათანხმოთ ის პერსპექტივები, რაც შესაძლოა პირდაპირი მოლაპარაკების საშუალებით გვქონდეს. გარდა ამისა „ნოვოვაქსი“ ასევე იქნება „კოვაქსის“ პლატფორმაზე და ამ გზით, ვაქცინა უკვე შესაძლებელია ქვეყანაში ივლისიდან შემოვიდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.