საზოგადოება
05.05.2021 11:31
შიდა ქართლის 5 სამედიცინო დაწესებულებაში „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე 1 326 პირია დარეგისტრირებული

შიდა ქართლში დილიდან აქტიურად მიმდინარეობს „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინაციის კაბინეტი რეგიონის 5 სამედიცინო დაწესებულებაში ფუნქციონირებს და სპეციალურ პორტალზე უკვე დარეგისტრირებულია 1 326 მოქალაქე.

ადგილობრივთა გარდა, გორში რეგისტრირდებიან თბილისსა და სხვა რეგიონებში მცხოვრები პირებიც. თბილისში მცხოვრები მანანა ბარაბაძე ერთ-ერთია, ვინც დღეს გორში აიცრა.

„თბილისში ვცხოვრობ, გადავწყვიტე, „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე დავრეგისტრირებულიყავი, მაგრამ თბილისის არცერთ კლინიკაში არ იყო ადგილი, რეგისტრაციის პორტალს აქტიურად ვადევნებდი თვალს, გუშინ გორში, „გორმედში“ გამოთავისუფლდა ერთი ადგილი და დავრეგისტრირდი. ძალიან რთული მდგომარეობაა და ფაქტია, რომ ვაქცინაციის გარდა, ვერაფერი შეაჩერებს პანდემიას, ამიტომ ერთადერთ გამოსავალს აცრაში ვხედავ, ახლა ბევრად დაცულად ვიგრძნობ თავს“, -  განაცხადა მანანა ბარაბაძემ.

შეგახსენებთ, გორში „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია „გორმედსა“ და თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ვაქცინაცია ტარდება ასევე კასპში „მედალფას“ კლინიკაში, ქარელში „გორმედის“ ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში და ხაშურში - შპს „ახალ კლინიკაში“.

დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებებში, 5-დან 24 მაისის ჩათვლით, „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია.

შეგახსენებთ, იმუნიზაციის საბჭოს 27 აპრილის გადაწყვეტილებით, COVID 19-ის წინააღმდეგ ,,სინოფარმით" აცრას 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც დაექვემდებარნენ.

კვირის ამბები