„სინოფარმის“ ვაქცინით გორში პირველი პაციენტი აიცრა. ვაქცინის პირველი დოზა რადიო „მოზაიკა“-ს ჟურნალისტმა, გიორგი დვალიშვილმა გაიკეთა.
როგორც დვალიშვილი ამბობს, თავს კარგად გრძნობს და თანამოქალაქეებს მოუწოდებს, შიშები დაძლიონ, იგრძნონ საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ჩაიტარონ კოვიდვაქცინაცია.
„დღეს პირველი პაციენტი ვიყავი „გორმედში“, „სინოფარმით“ ავიცერი, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვთვლი, რომ ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს და იგრძნოს საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რადგან ეს პანდემია ვაქცინაციის გარეშე ვერ დასრულდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ორი ტალღა გადავლახე ისე, რომ ვირუსი არ შემხვდა, იყო პერიოდი, როცა მეც ეჭვი მეპარებოდა კორონას გართულებების არსებობაში, მაგრამ ჩემს გარშეო არსებული არაერთი მაგალითით დავრწმუნდი, რომ არც ისე მარტივი ვირუსია და მინდა, ჯანმრთელობა შევინარჩუნო. გარდა ამისა, მინდოდა, გარკვეულწილად, მაგალითი ვყოფილიყავი ჩემი გარშემომყოფებისთვის“, - აღნიშნა გიორგი დვალიშვილმა ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დღეს დაიწყო.