საზოგადოება
05.05.2021 10:45
„მგზავრობა ბარიერების გარეშე“ - ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში დასაქმებული მძღოლებისთვის

შშმ პირებთან ქცევის ეტიკეტის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში დასაქმებულ მძღოლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

სწავლება სამ ეტაპად განხორციელდება და სასწავლო კურსს თითოეული მძღოლი გაივლის.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, სასწავლო კურსი შშმ პირების უსაფრთხოდ მგზავრობის საკითხებს მოიცავს.

„როგორც იცით, გორის მუნიციპალიტეტის ავტობუსები სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის, შესაბამისად, უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის, აუცილებელია, მძღოლებს ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია შშმ პირების საკითხებზე. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა აღნიშნული ტრენინგი, სადაც მძღოლებს აცნობენ პანდუსის გამოყენებისა და გაჩერების წესებს, შშმ პირებთან კომუნიკაციის სწორ ფორმებს - ტერმინოლოგია, მოპყრობა და ა.შ.“ - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრენინგები გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ პარტნიორობით ტარდება.

კვირის ამბები