საზოგადოება
04.05.2021 13:47
გორში სახალხო დღესასწაული „ოქონობა“ აღინიშნება

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, გორში ტრადიციულად სახალხო დღესასწაულს - „ოქონობას“ აღნიშნავენ. დღეს, ტრადიციულად, ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სადღესასწაულო წირვა ოქონის მშენებარე ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი, მრევლთან ერთად, ქალაქის ქუჩები აკურთხა.

„ქრისტე აღსდგა! გილოცავთ დღვანდელ დღესასწაულს! დღეს აღვნიშნავთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის და წმინდა გარეჯელი მოწამეების ხსნების დღეს, ასევე, გორში ვზეიმობთ ქალაქ გორისა და შიდა ქართლის მთავარი მფარველის - ოქონის ხატის დღესასწაულს.

მინდა ვთქვა, რომ დღეს ისტორიული დღე არის და მოვლენა, იმიტომ რომ ქალაქ გორის ოქონის საკათედრო ტაძარი, რომელიც კომუნისტურ პერიოდში ააფეთქეს, დღეს აღდგენის პროცესშია და ამ მშენებარე ტაძარში აღვასრულეთ მსახურება. ეს არის ჩვენი ისტორიის გაგრძელება, სწორედ ამიტომაც ვგულისხმობ, რომ ისტორიული მოვლენაა დღევანდელი დღე. ტაძრის მშენებლობა მალე დასრულდება, ვაკურთხებთ და ამგვარად გავაგრძელებთ ჩვენი წინაპრების დაწყებულ საქმეს და გადავცემთ მომავალ თაობებს“, - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.

„ოქონობის“ დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეთვრამეტედ აღინიშნება. დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი ტრიპტიკონი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

კვირის ამბები