მიმდინარე კვირიდან აცრის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრებიც ჩაერთვებიან, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
ღიბრაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.
როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს ე.წ მწვანე პასპორტების შესახებ, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.
„აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება. გარდა ამისა, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დადგენილი რეგულაციები და ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას, სწორად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია“, - აღნიშნა ოპერაციული შტაბის უფროსმა.