საზოგადოება
04.05.2021 12:26
რა არის კოვიდპასპორტი, რა ინფორმაცია იქნება დოკუმენტში და რა პრივილეგიით ისარგებლებს მისი მფლობელი

კოვიდპასპორტი არის ის დოკუმენტი, სადაც აღინუსხება ელექტრონულად ან ქაღალდზე, პირის აცრის სტატუსი, აქვს თუ არა ბოლო 72 საათში PSR ან სწრაფი ტესტი გაკეთებული და მისი პასუხი. ასევე, შესაძლებელია იქ იყოს დატანილი ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა პირს გადატანილი კორონავირუსული ინფექცია, ამის გარკვევა სპეციალური QR კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეს არის სერტიფიკატი, რომ მისი მფლობელი ორჯერ აიცრა კონკრეტული ვაქცინით, - კოვიდპასპორტის არსის შესახებ აღნიშნულ განმარტებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აკეთებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია და ამ კვირაში სამინისტროს კონცეფცია წარედგინება.

„ჩვენთან კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს წარვუდგენთ ამ კოვიდპასპორტთან დაკავშირებით კონცეფციას, როგორ მუშაობს კოვიდპასპორტი, შემდეგ წარედგინება საკორდინაციო საბჭოს და მთავრობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ კოვიდპასპორტების ოფიციალურად შემოღების შესახებ უკვე შეთანხმდნენ ევროკავშირის ქვეყნები. სერთიფიკატები საშუალებას მისცემს აცრილ მოქალაქეებს, კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულებს, ან მათ, ვისაც კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ, ევროკავშირის ქვეყნებში მარტივად იმოგზაურონ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული წინადადება ჯერ განსახილველია და ამ საკითხის დეტალებზე საბოლოო მოლაპარაკებების დაწყება მაისში იგეგმება.

რაც შეეხება საქართველოს, რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უწყება აპირებს, შესაბამისი ინიციატივით შევიდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს შეზღუდვების პერიოდში ჰქონდეთ შესაბამისი შეღავათები. „კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, იგივე უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი, სხვა ინიციატივები, რომელზეც ვმუშაობთ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნეს აცრილი. ამ ადამიანებს, ვინც ორჯერ არის აცრილი, მთელ რიგ ქვეყნებში, გარე სივრცეში პირბადე არ მოეთხოვებათ, მაგრამ მოეთხოვებათ შიდა სივრცეებში. პანდემია აცრის გარეშე არ დამთავრდება, რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით სწრაფად დაესმევა წერტილი ეპიდემიას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

კვირის ამბები