300 ადამიანის აცრა ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს უტოლდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ ჩვენი მოსახლეობის 60% ორჯერადად აიცრება, გარე სივრცეში ნიღბებს მოვიხსნით.
„იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, თუ ჩვენი მოსახლეობის 60% ორჯერადად ავიცრებით, გარე სივრცეში ნიღბებს უკვე მოვიხსნით. მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ. დღეს აცრები წარმოებს 91 სამედიცინო დაწესებულებაში, პროცესში ჩართულია 137 ბრიგადა. საშუალოდ გვქონდა 1200-1500 აცრა დღიურად, მაგრამ არც ეს იქნება საკმარისი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაისი-ივნისში გვქონდეს 5000-6000-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაში უკვე წავალთ იმ მიზნისკენ, რასაც ქვია ჯანმრთელი მოსახლეობა. 300-500 ადამიანის აცრა არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. გავითავისოთ ყველამ ეს და მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ დავასრულოთ ეს ეპიდემია ჩვენთან და პანდემია მსოფლიოში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.