საზოგადოება
04.05.2021 09:19
დღეს ოქონობაა

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს გორში „ოქონობა“ აღინიშნება. ოქონის ხატი - ტრიპტიკონი (სპილოს ძვლის სამკარედი ხატი), მე-12 საუკუნიდან გორის მფარველ ხატად მიიჩნეოდა.

სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული. ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშია და მე-10 საუკუნის მიწურულით თარიღდება.
ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან ხატი დაიკარგა და 2001 წელს, ჟენევაში, კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.
2004 წელს, ოქონის ტრიპტიკონი საქართველოს დაუბრუნდა და ის ამჟამად თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

რამდენიმე თვის წინ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოქონის ხატის დაბრუნებაზე მოთხოვნა გააჟღერეს.
,,ოქონის ხატის ისტორიიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ის არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა და არ აქვს მნიშვნელობა, სად იყო ხატი ტერიტორიულად, შესაბამისად, ნებისმიერი პრეტენზია ამ სახით, არის მიუღებელი", - ამის შესახებ გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმა მამა გიორგიმ (კარელიძე) დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მხრიდან ოქონის ხატის გადაცემის თაობაზე გაკეთებული განცხადების პასუხად აღნიშნა.

კვირის ამბები