დღეს, 4 მაისს, საქართველოში "სინოფარმით“ ვაქცინაცია იწყება. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრები იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში დღეს იწყება, 5 მაისიდან კი მათ რიცხვს კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.
გორში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია ხვალიდანაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე, 5-დან 24 მაისის ჩათვლით, ,,გორმედში" ერთის გარდა, ყველა ვიზიტი დაჯავშნილია. თითქმის შევსებულია აღნიშნული თარიღები კასპშიც, სადაც ,,სინოფარმით" ვაქცინაცია ტარდება ,,მედალფას" კლინიკაში. რაც შეეხება ქარელს, სადაც აცრა შესაძლებელია ,,გორმედის" ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში, აქაც სულ რამდენიმე ვიზიტის დაჯავშნაღაა შესაძლებელი. ხაშურში კი, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება შპს ,,ახალ კლინიკაში", 5-დან 24 მაისის ჩათვლით, ყველა ადგილი შევსებულია.
სპეციალურ პორტალზე დღეიდან შესაძლებელია ,,სინოფარმით" ვაქცინაციაზე გორის ჰოსპიტალში დარეგისტრირებაც. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება ,,სინოფარმით" აცრებს 6 მაისიდან დაიწყებს და ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს განახორციელებს. ჰოსპიტალში ვაქცინაციაზე თავისუფალი ადგილები არის.
შეგახსენებთ, იმუნიზაციის საბჭოს 27 აპრილის გადაწყვეტილებით, COVID 19-ის წინააღმდეგ ,,სინოფარმით" აცრას 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც დაექვემდებარნენ.
რეგისტრაციის პორტალი: booking.moh.gov.ge