საზოგადოება
02.05.2021 08:06
მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

დღეს, 2 მაისს, მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში ღამისთევის მსახურება ჩატარდა.

აღდგომილი მაცხოვარი, მოციქულ პეტრეს მსგავსად, ნებისმიერ ჩვენგანს მოგვმართავს - გიყვარვარ მე? - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.

„აღდგომილი მაცხოვარი, მოციქულ პეტრეს მსგავსად, ნებისმიერ ჩვენგანს მოგვმართავს: „გიყვარვარ მე? - ამ კითხვას საქართველოში თითქმის ყველა დადებით პასუხს გასცემს, მაგრამ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც ადვილად მიგვახვედრებს, სინამდვილეში, ვართ თუ არა მართლები. ჩვენი რწმენის სიმტკიცე და უფლისადმი ერთგულება გამოცდას ჩვენს ცხოვრებაში არსებული განსაცდელებით გადის. ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი, მართლაც მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობის ხარისხით განისაზღვრება. მაგალითად, თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, გვაქვს კი რწმენა იმისა, რომ ჩვენს თხოვნაზე უკეთესი იქნება ის, რასაც მაცხოვარი მოგვაგებს? და თუ გვაქვს, ე. ი. მინდობილნი ვართ მას და მადლიერებით მივიღებთ ყოველივეს. ამასთან, ამ განწყობამ არ უნდა დაგვტოვოს მაშინაც, როდესაც დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე აღმოვჩნდებით. ამქვეყნად არაფერი არ უნდა იყოს ისეთი, რაზეც, ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ, წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც - მას შინა. ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, ჩავიხედოთ ჩვენს გულში და პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურვილი აღუსრულა და სიხარულითა დიდითა აღავსო იგი. მსგავსი სიხარულის თანაზიარნი ჩვენც რომ გავხდეთ, ღვთის შეცნობისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ: ვიკითხოთ წმინდა წერილი, წმინდანთა ცხოვრება და დარიგებანი. ასევე, მუდმივად უნდა ვთხოვდეთ მაცხოვარს, განგვაძლიეროს, და იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებით ვევედროთ: „განმკურნე, უფალო, და განვიკურნები, გადამარჩინე, უფალო, და გადავრჩები, რადგან შენ ხარ ჩემი დიდება“, - აღნიშნულია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, 1-ელ მაისს, შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომის უტყუარი ნიშანია და დრესასწაულის აღნიშვნაც სწორედ ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ იწყება.

შეგახსენებთ, იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრნენ.
აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში, მორწმუნე ქრისტიანები ერთმანეთს ამგვარად ესალმებიან - ქრისტე აღსდგა!
- ჭეშმარიტად აღსდგა!

კვირის ამბები