გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ბოლო დღეების განმავლობაში, კოვიდინფექცია არ გამოვლენილა, თუმცა, სკოლამდელი აღზრდის რამდენიმე დაწესებულება კვლავ იზოლაციაში რჩება, - ამის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.
როგორც კოვზიაშვილმა აღნიშნა, უქმე დღეების დასრულების პარალელურად, ყველა საბავშვო ბაღს ეწურება იზოლაციის ვადა და თუ თანამშრომლებში (ან აღსაზრდელებში) ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლინდა, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება განაახლებს მუშაობას.
„გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ბოლო დღეების განმავლობაში, კოვიდინფექცია არ გამოვლენილა, თუმცა, სკოლამდელი აღზრდის რამდენიმე დაწესებულება კვლავ იზოლაციაში რჩება. ამ დროისთვის, უკვე განაახლა მუშაობა გორის 1-ლი საბავშვო ბაგა-ბაღის ფილიალმა, ასევე ნიქოზის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ. რაც შეეხება იმ ბაღებს, სადაც სასწავლო პოცესი შეჩერებულია, ასეთი გახლავთ გორის მე-16, მე-18 და ფხვენისის საბავშვო ბაღები, მე-12 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში თვითიოზოლაციაშია ერთი ჯგუფი, ასევე, თვითიზოლაციაშია მე-14 და მე-13 საბავშვო ბაღებთან არსებული სასკოლო მზაობის ჯგუფები.
უქმე დღეების დასრულების შემდეგ, ყველა ბაღს ეწურება იზოლაციის პერიოდი და თუ ამ ხანში, რომელიმე თანამშრომელს ან აღსაზრდელს ინფექცია არ გამოუვლინდა, ყველა საბავშვო ბაღში განახლდება (ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება ის საბავშვო ბაღები, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს) სასწავლო პროცესი.
მინდა აღვნიშნო, რომ უქმე დღეების განმავლობაში ჩვეულებრივ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლების ტესტირების პროცესი, ვიმედოვნებ, რომ ახალი შემთხვევები არ გამოვლინდება და თანდათან დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.