საზოგადოება
29.04.2021 11:34
უპრეცედენტო აქტიურობა „სინოფარმზე“ - 5-დან 24 მაისის ჩათვლით, „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე გორში ყველა ადგილი დაჯავშნილია

მას შემდეგ, რაც იმუნიზაციის საბჭოს 27 აპრილის გადაწყვეტილებით, COVID 19-ის წინააღმდეგ ,,სინოფარმით" აცრას 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც დაექვემდებარნენ, მოსახლეობის დიდი ნაწილი აქტიურად რეგისტრირდება ვაქცინაციის პორტალზე. 27-28 აპრილს გორში ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელი იყო მხოლოდ 5-დან 14 მაისის ჩათვლით, აღნიშნული თარიღები გუშინ დილით უკვე სრულად იყო შევსებული. 28 აპრილს შესაძლებელი გახდა ვიზით დაჯავშნა 24 მაისის ჩათვლით, რასაც მოქალაქეების მხრიდან კვლავ უპრეცედენტო აქტიურობა მოჰყვა და ამჟამად, ამჟამად, გორში, 5-დან 24 მაისის ჩათვლით, ,,სინოფარმით" ვაქცინაციაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია.

შეგახსენებთ, აცრები მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 5 მაისიდან კი ვაქცინაციის პროცესში ერთვება სამედიცინო ქსელი ,,გორმედი", შესაბამისად, გორში ვაქცინაციის მსურველს ვიზიტის დაჯავშნა უკვე შეუძლია ორივე სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა, ვაქცინაციის პორტალზე მითითებულია, რომ სამხედრო ჰოსპიტალის ვაქცინაციის კაბინეტში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ,,ასტრაზენეკათი" აცრის მსურველები, რაც შეეხება ,,ფაიზერს", თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ადგილი ჰოსპიტალში მხოლოდ ,,ფაიზერის" მე-2 დოზის მისაღებად, რისთვისაც უნდა გქონდეთ ჩატარებული 1-ლი დოზით აცრა.

რაც შეეხება ,,სინოფარმს", აღნიშნული ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ,,გორმედში", თუმცა, პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის, 5 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, ,,გორმედის" აცრის კაბინეტში ყველა ადგილი დაჯავშნილია - აღნიშნულ რიცხვებში 378 პირია ,,სინოფარმზე" რეგისტრირებული.

თითქმის შევსებულია აღნიშნული თარიღები კასპშიც, სადაც ,,სინოფარმით" ვაქცინაცია ტარდება ,,მედალფას" კლინიკაში. რაც შეეხება ქარელს, სადაც აცრა შესაძლებელია ,,გორმედის" ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში და ასევე ხაშურს, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება შპს ,,ახალ კლინიკაში", ვიზიტის დაჯავშნა ჯერ კიდევ შესაძლებელია.  

რეგისტრაციის პორტალი: booking.moh.gov.ge

კვირის ამბები