საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 1-ლი კვარტლის შუალედური მიმოხილვა გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში, ქვეყანაში 23 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 315 884 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი, რაც 2%-ით აღემატება 2020 წლის 1-ლი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს (309 487 ლ.).
სააგენტოს მიმოხილვის თანახმად, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 23.9 %, თურქმენეთი - 21% და რუმინეთი - 20.2 %. საერთო იმპორტის 44 % შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 56 % - ბენზინის. ბენზინიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი.
ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 1-ელ კვარტალში ფასების ზრდის ტენდენცა დაფიქსირდა საწვავის მომწოდებელ ქვეყნებში, რაც აისახა საქართველოს ბაზარზეც.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე ფასების ცვლილება გამოწვეულია საბაზრო და საგარეო ფაქტორებით.
2021 წლის 1-ელ კვარტალში, ქვეყანაში 23 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 315 884 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი, რაც 2%-ით აღემატება 2020 წლის 1-ლი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 309 487 ლიტრი.
„2021 წლის 1-ლი კვარტალი ნედლი ნავთობის და, შესაბამისად, პლატსის ფასის ზრდით გამოირჩეოდა. პლატსის ფასმა 2021 წლის 4 იანვრის 420 დოლარიანი მაჩვენებლიდან, მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია 12 მარტს - 546 დოლარი, ხოლო 31 მარტის მდგომარეობით, 497 დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 4.1%-ით - 13.5 პუნქტით გაუფასურდა, რამაც ასახვა ჰპოვა იმპორტირებული საწვავის ღირებულებასა და შესაბამისად, ქვეყანაში საავტომობილო საწვავის საცალო სარეალიზაციო ფასებზე", - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.
სააგენტოს ცნობით, 2015 წლის დასაწყისში საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა, დაახლოებით, 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს - 1210, ხოლო 2020 წელს მათი რიცხვი 1216-ს შეადგენდა.