ვაქცინაციის წინ არანაირი ლაბორატორიული ან დიაგნოსტიკური კვლევა არ არის საჭირო, - ამის შესახებ კლინიკა „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის არც ერთი ორგანიზაცია არ გასცემს ვაქცინაციამდე სხვადასხვა კვლევის საჭიროების რეკომენდაციას.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვაქცინაციის წინ არანაირი ანალიზები არ არის საჭირო. თუ ალერგიულია პაციენტი, თუ ჰქონია ანაფილაქსიური შემთხვევები, ასეთმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ალერგოლოგს და სწორედ ექიმთან კონსულტაციის შემდგომ განისაზღვრება ანალიზი სჭირდება თუ არა, მაგრამ ეს არა ვაქცინაციის წინა პერიოდისთვის, არამედ იმ ალერგიული ფონისთვის, რაც მას გააჩნია. ვაქცინაციაზე მოსული ადამიანი გაესაუბრება ექიმს და თუ ექიმი ჩათვლის, რომ ის შესაძლებელია მოიხსნას ვაქცინაციიდან, იქვე დააკვალიანებს რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ასე, წინასწარ, რაიმე ლაბორატირიული ან დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარება არ არის საჭირო“, - აღნიშნა ხათუნა შრუბმა.