„გორმედის“ ქსელის გორის კლინიკის ვაქცინაციის კაბინეტში „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე ყველა ადგილი დაკავებულია - ხათუნა შრუბი
მინდა მოგახსენოთ, რომ ასეთი აქტივობა დღემდე არ ყოფილა, - ამის შესახებ „გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა შრუბმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც შრუბმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, გაიხსნა მხოლოდ „სინოფარმის“ მოდული, თუმცა, მისივე ინფორმაციით, სულ მალე „გორმედში“ „ასტრაზენეკაც“ იქნება ხელმისაწვდომი.
„მინდა მოგახსენოთ, რომ ასეთი აქტივობა დღემდე არ ყოფილა, „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. გუშინ საღამოს გაიხსნა პორტალი და 5-დან 15 მაისის ჩათვლით უკვე ყველა ადგილი დაიჯავშნა. „გორმედის“ გორის კლინიკის ვაქცინაციის კაბინეტში ყველა ადგილი დაკავებულია.
ჩვენი კლინიკა მზადაა, მოერგოს იმ მოთხოვნებს, რაც იქნება მოსახლეობის მხრიდან. ამ ეტაპზე ჩავერთეთ უკვე ვაქცინაციაში და 5 მაისიდან დაიწყება აცრის პროცესი, თუ მოთხოვნა გაიზრდება, დამატებით მობილიზებული გვყავს გადამზადებული ბრიგადები და კიდევ დავამატებთ პერსონალს საჭიროების შემთხვევაში. რაც შეეხება ქარელს, იქაც ანალოგიური სიტუაციაა, ყველა ჯავშანი არაა გამოყენებული, თუმცა, მოთხოვნა იქაც დიდია და დარეგისტრირებულია ბევრი მოქალაქე.
ამ ეტაპზე, გაიხსნა მხოლოდ „სინოფარმის“ მოდული, მაგრამ როგორც ვიცი, „ასტრაზენეკაც“ მალე იქნება ჩვენთან ხელმისაწვდომი და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, როცა ჩაერთვება კლინიკა ამ მოდულშიც,“ - განაცხადა ხათუნა შრუბმა.