ლიტერატურული კონკურსის - ,,მაჩაბელი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ლიტერატურული წრეებისა და ადგილობრივიხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონკურსის დაჯილდოების ღონისძიებას კი, მსახიობი დუტა სხირტლაძე უძღვებოდა.
პრემია ,,მაჩაბელი“ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ კონკურსანტებს გადაეცათ: საუკეთესო პოეტური ციკლი/ კრებული - როინ აბუსელიძეს; საუკეთესო პროზაული ნაწარმოები - ნათია როსტიაშვილს; საუკეთესო კრიტიკული/ესეისტური/პუბლიცისტური კრებული - ლევან ბრეგაძეს; საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი - გიორგი ხულორდავას. საპატიო დიპლომებით ასევე დაჯილდოვდნენ პოეტები: ეთერ თათარაიძე, ჯემალ ინჯია; მწერალი რაულ ჩილაჩავა, მთარგმნელები: მაია ბოლაშვილი და თამაზ გვენეტაძე. რაც შეეხება ლიტერატურული კონკურსის დამფუძნებლის, გიორგი სოსიაშვილის რჩეულის დიპლომს, დათია ბადალაშვილმა მიიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელის“ ერთ - ერთ ნომინაციაში გამარჯვებულს 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. აღნიშნული თანხით გორის მერია გამარჯვებულს წიგნს დაუბეჭდავს.
შეგახსენებთ, კონკურსი „მაჩაბელი" გასულ წელს დაფუძნდა. აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებული ლიტერატურული პრემიის ოფიციალური პარტნიორი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთან არსებული ლიტერატურული კაფეა. კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება ტრადიციული გახდება და ყოველ წელს გაიმართება.