კონფლიქტები
27.04.2021 19:04
მხარეებს შორის თემატური დიალოგი შედგა, გარკვეულ ნიშნულამდე მივედით და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება - ირაკლი ანთაძე

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 99-ე შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით დიალოგი შედგა და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება.

„დღევანდელ შეხვედრაზე, ბუნებრივია, მთავარი განსახილველი საკითხი იყო ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების გადაწყვეტის საკითხი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის უპრეცედენტო ჩართულობა, რაც გამოიჩინეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, როგორც ზაზა გახელაძის, ისე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქის საკითხთან დაკავშირებით. დიალოგი შედგა, იყო ძალიან საინტერესო, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება, და რაც მთავარია, დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობა არის. ჩვენ შევხვდებით ოჯახის წევრებსაც და გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს.

ასევე, საუბარი შეეხო ისეთ მტკივნეულ და პრობლემურ საკითხს, როგორიცაა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია, რომ ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი ბორდერიზაციის თითოეულ ფაქტთან, რაც ასევე პირდაპირ ბმაშია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის როგორც სიცოცხლის და თავისუფლების, ასევე, მათ ყოველდღიურ სასიცოცხლო ინტერესებთან. იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, არის უამრავი სხვა საკითხი, რაშიც დაინტერესებულები არიან ადგილობრივი მკვიდრები, ეს არის მიწის უსაფრთხოდ დამუშავების საკითხი, ასევე, ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო აქტივობებთან, რათა მათ იგრძნონ თავი ერთი მხრივ დაცულად და მეორე მხრივ, სრულფასოვნად განახორციელონ თავიანთი აქტივობები. შედგა ამაზე თემატური დიალოგი, გარკვეულ ნიშნულამდე მისული ვართ და ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, დიალოგი გრძელდება. ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, პროცესის დინამიკიდან გამომდინარე, გაააქტიურებენ თავის ძალისხმევას და ვიმედოვნებთ, რომ ის მოლოდინები, რაც გააჩნიათ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახის წევრებს, იქნება გამართლებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პროცესზე, პროცესი და დეტალები არ არის იმდენად მნიშვნელოვანი და აქტუალური, რამდენადაც შედეგი. ჩვენ ვართ ორიენტირებულები შედეგზე, ამ შედეგებისკენ იდგმევა გარკვეული ნაბიჯები, შესაძლოა ეს ნაბიჯები არ არის ისეთი სწრაფი, რისი მოლოდინი და სურვილიც გვაქვს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო დგამს ყველა ნაიჯს, რომ ეს პროცესი იყოს მოახლოებული“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ანთაძემ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, ოქონის ხატის საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა. რაც შეეხება პოზიციებს ჩორჩანას პოსტთან დაკავშირებით, ირაკლი ანთაძის თქმით, ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის დეკლარილებული და არც ოპონენტების პოზიცია არის ამ მიმართულებით შეცვლილი, თუმცა, ნებისმიერი სიტუაციიდან შესაძლებელია იქნეს ნაპოვნი გამოსავალი, თუკი იქნება კეთილი ნება, მაგრამ ეს ვერ იქნება გადაწყვეტილი მხოლოდ ულტიმატუმების და კომფრომტაციის გზით.

მომდევნო შეხვედრა ერგნეთში ივნისში გაიმართება. მანამდე კი რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდება, სადაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებისას ადგილობრივების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სარწყავი არხების მოწესრიგებაზე იმსჯელებენ.
კვირის ამბები