18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოში ჯერ საყოველთაო ვაქცინაცია არ იწყება, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება.
„დღევანდელი სხდომის ძირითადი თემა იყო „სინოფარმი“. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის გაიხსნება 8 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველია არაერთი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ უსაფრთხოა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
როგორც იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, მომავალი კვირიდან საქართველოში ვაქცინაციის პუნქტების ქსელი გაფართოვდება და მოქალაქეები აცრას დამატებით 78 პუნქტში შეძლებენ.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო „ფაიზერის“ მილიონამდე დოზას მიიღებს, ასევე 43 000 დოზა „ასტრაზენეკას“ 30 აპრილისთვის. როგორც მინისტრმა განმარტა, ასევე წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმთან“ მოლაპარაკება და დამატებით 250 000 დოზა არის დაპირებული „სინოფარმის“ მხრიდან ივნისში.