„გორმედის“ ქსელის კოვიდკლინიკებში ამჟამად 55 ინფიცირებულ პაციენტს უტარდება მკურნალობა, მათგან 7 პირველი დონის პაციენტია და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა, კრიტიკულ მდგომარეობაში არცერთი მათგანი არ არის, - ამის შესახებ „გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.
შრუბის ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლები არის. „გორის კოვიდკლინიკაში, სადაც 110 საწოლია გამოყოფილი, ამ ეტაპზე მკურნალობა უტარდება 20 პაციენტს. მათგან ნაწილი ადგილობრივია, პაციენტების ნაწილი კი თბილისიდან გადმოყვანილი გახლავთ. რაც შეეხება ქსელის მაშტაბით, ამ ეტაპზე, გორის და ქარელის კლინიკებში გამოვყავით 160 საწოლი. ქარელში, სადაც 50 სტაციონარულ საწოლზე გათვლილი კლინიკა სრულად ემსახურება კოვიდის მართვას, ამჟამად 35 პაციენტია მოთავსებული. არ ქნას, თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემთხვევაში, თუ საჭიროება დადგება, ქსელის მასშტაბით, დამატებით შევძლებთ 90-ზე მეტი საწოლის მობილიზებას. ამ ეტაპზე კრიტიკული პაციენტები არ გვყავს, თუმცა, 55 ინფიცირებული პაციენტიდან 7 პირველი დონის პაციენტია და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა, კრიტიკულ მდგომარეობაში არცერთი მათგანი არ არის, მართვით სუნთქვაზე არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ იმყოფება. აქვე აღვნიშნავ, რომ კლინიკას არ შეუწყვეტია სხვა პათოლოგიების მქონე პირების მიღება, ჩვენ ვართ ჰიბრიდული სამედიცინო დაწესებულება, ანუ კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვა ხდება ცალკე, დამოუკიდებელ კორპუსში, „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის დანარჩენი სივრცე კი აგრძელებს მუშაობას და შეუფერხებლად ვაწვდით ყველა სამედიცინო სერვისს სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტებს. გადაუდებელი შემთხვევების მართვის პარალელურად, ვიღებთ პაციენტებს, რომლებსაც გეგმიურად ესაჭიროებათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები", - განაცხადა ხათუნა შრუბმა.