სპორტი
10.11.2019 19:13
,,დილამ“ და ,,ტორპედომ“ ქულები გაიყვეს

გორის ,,დილამ“ ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩში დღეს სტუმრად ქუთაისის ,,ტორპედოსთან“ ქულები გაიყო.

გორელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და დებიუტშივე შეეძლოთ გატანა,რაც ვერ მოახერხეს და მალევე ტერიტორიული უპირატესობა მოწინააღმდეგეს გადაულოცეს. ,,ტორპედოს“ მცდელობებს კი უკვალოდ არ ჩაუვლია, მათმა შემტევმა თორნიკე კაპანაძემ 21–ე წუთზე ჩუკვურას პასით ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში ,,დილა“ უკეთ ათამაშდა. ნემსაძემ გარკვეული გადანაცვლებები მოახდინა ტაქტიკაში და შეგირდებს უფრო მეტი აქცენტი შეტევაზე გადაატანინა. იმავდროულად ქუთაისელებიც იძულებულნი გახდნენ სათამაშო ინციატივა დაეთმოთ. ბურთი დიდწილად სწორედ მასპინძლების ნახევარზე იყო და გორელების ერთ–ერთ იერშს მოჰყვა კიდეც გოლი – მეტოქის კარი ალეფ სანტოსმა 81–ე წუთზე აიღო.

დარჩენილ დროშიც შეეძლო ,,დილას“ ეხეირა და შესაბამისად 3 ქულა მოეპოვებინა, თუმცა რამდენიმე შანსი გაფლანგეს გორელებმა. ერთხელ კოვტალუკმა შეაგორა კიდეც ბურთი ქუთაისელთა კარში, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ამ ფრით ,დილამ“ 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციაზე დამკვიდრდა.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. ,,დილა“ 24 ნოემბერს თბილისის ,,დინამოს“ უმასპინძლებს, 1 დეკემბერს კი ,,რუსთავს“ ესტუმრება.


კვირის ამბები