საზოგადოება
26.04.2021 14:26
რა სამუშაოები განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტში რეგიონების განახლების მასშტაბური პროექტის ფარგლებში
საქართველოს მთავრობა რეგიონების განახლების მასშტაბურ პროექტს იწყებს. რა კუთხით შეხება მოსალოდნელი სიახლე გორს და კონკრეტულად რა სამუშაოები განხორციელდება მუნიციპალიტეტში, ამ საკითხით GMnews გორის მერს დაუკავშირდა.

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული მიმართულებების და დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს.

„როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ინიციატივით, იწყება ახალი მასშტაბური პროექტი, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტს და ბუნებრივია, გორსაც მოიცავს. რაც შეეხება „ქვეყნის მასშტაბური განახლების“ გეგმას, გორის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონკრეტული მიმართულებების და დეტალების შეთანხმება და როდესაც გვექნება საბოლოო სახით შეჯერებული კონკრეტული გეგმა, შემდგომ მოგაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ურბანული განახლების მასშტაბური პროექტის შესახებ ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა. პრემიერის თქმით, პროექტის ფარგლებში, ქვეყნის 63-ვე მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება, რისთვისაც 500 მილიონი ლარი დაიხარჯება.
კვირის ამბები