სამართალი
26.04.2021 13:24
წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მკაცრდება

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაზე, ასევე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა ან ამ პირის შეურაცხყოფაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.

აღნიშნულ ნორმატიულ ქატში ცვლილებების პროექტი უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს, რომელიც ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გავა.

პროექტის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ამასთან, ახალი რედაქციით ყალიბდება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, სადაც მითითებულია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

კვირის ამბები