საზოგადოება
26.04.2021 12:43
1814 წლის 26 აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი დაიბადა

207 წლის წინ, 1814 წლის 26 აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში დაიბადა  ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე, ტფილისის ქალაქის თავი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი დიმიტრი ყიფიანი.  ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ასევე, აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მართლმადიდებლობის განმტკიცებისთვის, რისთვისაც, 2007 წელს, წმინდანად შერაცხეს.

დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელშეწყობით დაარსდა საჯარო ბიბლიოთეკა, ჩამოყალიბდა პროფესიული ქართული თეატრი, ეროვნული ჟურნალისტიკა, დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი „ცისკარი“.ქართული საქმის კეთებისა და საქართველოს ღირსების დაცვის გამო, დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც მალევე, 1887 წელს ვერაგულედ მოკლეს, თავში უროს ჩარტყმით. 

დიმიტრი ყიფიანი დაკრძალულია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მწერლის სახელობის მუზეუმი კი, სადაც დიმიტრი ყიფიანმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში ფუნქციონირებს. დაწესებულებას რეაბილიტაცია ორი წლის წინ ჩაუტარდა. მუზეუმში 600-ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი და განთავსებულია როგორც მემორიალური, ისე ეთნოგრაფიული ხასიათის ნივთები.

 

კვირის ამბები